გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება ამ ეტაპზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
“მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. აქვე მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თითქოს ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გორის მე-11 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გივიკო გიგოლაშვილია. მოზარდის ახლობლები ამბობენ, რომ მომხდარი მკვლელობაა. გვიყვებიან, რომ მოზარდს აღენიშნება ძალადობის კვალი.
“გივიკო იყო უჭკვიანესი და უთბილესი შვილი. ვერ დაინახავდი სიცილის გარეშე, სულ იცინოდა, სულ იღიმოდა. ძალიან თავმდაბალი ბავშვი იყო. ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, ყველა მასწავლებელი იტყვის, რომ ყველაზე მაგარი შვილი იყო. დეტალები არ ვიცით რა მოხდა, თუმცა ყელზე აღენიშნება სილურჯეები, სავარაუდოდ გაგუდულია. როგორც ჩანს მიწაზე ახოხიალეს, მკლავი სულ გაფხაჭნილი აქვს, ცხვირი აქვს გატეხილი და ყური დალურჯებული. სხვა არაფერი ვიცით. პირველადი, ეს არის. ბავშვი რომ ვნახეთ ეს შედეგი იყო ჩვენს თვალწინ. ყველაფერს წარმოვიდგენდით, მაგრამ ეს ისეთი უკონფლიქტო ბავშვი იყო, ასე როგორ გაიმეტეს არ ვიცი” – გვიყვება ბიჭის ახლობელი.
Ambebi.ge