“საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები… ახლა მოვუსმინე ჟოზეფ ბორელს – მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. საგანგებო ბრიფინგი მან არჩევნების გაყალბებების დამადასტურებელი ვიდეოფაქტების ჩვენებით დაიწყო.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პირიქით ხდება, მტკიცებულებებს პროკურატურა წარადგენს და პრეზიდენტისგან არ ითხოვს.
აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება აქ, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მტკიცებულებები, ბატონებო. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს უნდა თვითონ მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხო? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია, მართალი რომ ვთქვა, არც ერთი ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათაშორის, ახლა, ამ წუთში, მოვდიოდი და მოვისმინე ჟოზეფ ბორელისთვის, მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების რაც არის ჩამოთვლილი, არის ზუსტად იგივე. და პროკურატურა, უფრო უცნაური არის, ცესკოს წუხილზე რომ სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებას, – განაცხადა პრეზიდენტმა.