საბერძნეთში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს, ქეთი წივწივაძეს დღეს, 19:00 საათზე ათენში კრემაციას ჩაუტარებენ.
ის საქართელოდან საბერძნეთში სამუშაოდ 10 წლის წინ წავიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისი მეგობრები უყვებიან, ქეთი სამსახურში შეუძლოდ გახდა და მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ 10 დღის განმავლობაში ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემაზე მკურნალობდნენ.
„წინა დღეს ველაპარაკეთ. კარგად გრძნობდა თავს. საგანგაშო არაფერიაო – ამბობდა, თუმცა მეორე დღეს დარეკეს და ეს ამბავი შეგვატყობინეს“, – ყვება ქეთი წივწვივაძის მეგობარი.
აღმოჩნდა, რომ ქართველ ემიგრანტს საავადმყოფოში კორონავირუსიც დაუდგინეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი დამძიმება გამოიწვია.
ოჯახს და ახლობლებს სურდათ ცხედარი საქართველოში გადმოესვენებინათ. საქმეში ჩართული იყო, როგორც საქართველოს საკონსულო, ისე საპატრიარქო, თუმცა ბერძნულმა მხარემ კოვიდინფიცირების გამო ცხედრის გადასვენებაზე კატეგორიული უარი თქვა.
საბერძნეთში ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ქეთი წივწივაძის ცხედრს კრემატორიუმში გადაასვენებენ, სადაც მას კრემაცია ჩაუტარდება.
„10 წლის წინ ჩამოვიდა აქ. როგორც ყველა ისე მუშაობდა. ვერც ცოცხალი და ვერც გარდაცვლილი ვერ დაუბრუნდა თავის ქვეყანას და ოჯახს“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.