„რძის ნაწარმის თითქმის სრულ ასორტიმენტზე კომპანიას მოუწევს 10-15%-ის ფარგლებში ფასის გაზრდა, მხოლოდ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო,“ – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.
„მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქციაზე რძის ნაწარმზე, ფასის კორექტირება ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება. ამის მიზეზი კი დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც პირველი იანვრიდან სადისტრიბუციო მანქანებისთვის დილის საათებში გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. რძის ნაწარმი იმ ტიპის პროდუქცია გახლავთ, რომლის მომარაგებაც იმ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით ხდება, რომელსაც შეზღუდვა ეხება. ფასის ცვლილება გარდაუვალია. მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დამატებით ფინანსური ხარჯების გაღების აუცილებლობას იწვევს. ფასის კორექტირების გარეშე კომპანიები ფიზიკურად ვერ მოახდენენ ოპერირებას. რძის ნაწარმის თითქმის სრულ ასორტიმენტზე კომპანიას მოუწევს ფასის 10-15%-ის ფარგლებში ზრდა.










