ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, რუსულმა ძალებმა ხერსონში სახანძრო სამსახურის შენობა დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. პარალელურად რუსეთის თავდაცვა იუწყება, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს და დონეცკს დასავლეთიდან მიღებული იარაღიდან ესვრის. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, ბელარუსში მოიერიშე თვითმფრინავების აქტივობა შეინიშნება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მყოფ ჯარისკაცებს ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინას შობის დღესასწაულზე 36 საათით ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. ამ ინიციატივას კიევში სკეპტიკურად შეხვდნენ. პუტინის სამშვიდობო ინიციატივის არ სჯერათ დასავლეთშიც.