კიდევ ერთი ქალაქი, საიდანაც რუსული Red Wings Airlines-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით იფრენს, სანქტ-პეტერბურგია. პულკოვოს აეროპორტიდან ფრენები 18 ნოემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
„სანქტ-პეტერბურგიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეისი პირველად იხსნება. ასევე, პირველი იქნება 2019 წლის შემდეგ რეისი პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით,“ – აცხადებენ პრესსამსახურში.
18 ნოემბრიდან თბილისის მიმართულებით რეისი კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან აფრენა მოსკოვის დროით 06:00 საათზე, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენა 11:05 საათზე არის ჩანიშნული.
ცნობისთვის: ავიაკომპანია, Red Wings ფრენების დაწყებას მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით 3 ნოემბრიდან, ეკატერინბურგი-თბილისის მიმართულებით 2 ნოემბრიდან, ხოლო ეკატერინბურგი-ქუთაისის მიმართლებით 31 ოქტომბრიდან გეგმავს. მოსკოვი-ბათუმის რეისი „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან კვირაში სამჯერ შესრულდება, მოგვიანებით კი მათი სიხშირე 5-მდე გაიზრდება. რაც შეეხება რეისებს ეკატერინბურგიდან, ისინი კოლცოვოს აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველ სამშაბათსა და კვირას, ხოლო თბილისში ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
ასევე, Red Wings თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ყაზანიდანაც იწყებს. თბილისის მიმართულებით ფრენები 13 ნოემბრიდან, ყოველ სამშაბათსა და კვირას, ხოლო ყაზანი-ქუთაისის რეისი 3 დეკემბრიდან, ასევე, ყოველ სამშაბათსა და კვირას შესრულდება.
რუსული ავიაკომპანია ყველა ფრენას SSJ 100-მოდელის თვითმფრინავებით განახორციელებს.
რაც შეეხება ფასებს, სანქტ-პეტერბურგიდან თბილისის მიმარულებით ბილეთის ფასი საშუალოდ 19 700 რუბლიდან (დაახლოებით 210 დოლარი) იწყება, სანქტ-პეტერბურგი-ქუთაისის რეისებზე კი მინიმალური ფასი 13 000 რუბლი (დაახლოებით 140 დოლარი) იქნება, ისიც ავიამიმოსვლის დაწყების დღეებში, შემდგომ დღეებში ფრენის ღირებულება 32 000 რუბლამდე (დაახლოებით 342 დოლარი) იზრდება.










