რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია და შეხვედრები გამართა ეკონომიკის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტი” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “ფედერალური ქსელური კომპანია – როსსეტის” დელეგაცია, კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი რიუმინის მეთაურობით, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
“შედგა შეხვედრა ქვეყნის უდიდესი ენერგოკომპანია “საქრუსენერგოს” ხელმძღვანელობასთან, რომლის კაპიტალში 50%-იან წილებს ფლობენ “როსსეტი” და საქართველოს მთავრობა. განიხილებოდა ელექტროქსელების სანდოობის საკითხები, მიმდინარე შედეგები და საინვესტიციო გეგმები. ასევე, შეჯამებულ იქნა 2024 წლის სამრეწველო და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები…
ასევე, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელზეც განიხილებოდა მოდერნიზაციასთან და ელექტრო-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია რუსული სახელმწიფო კომპანია “როსსეტის” განცხადებაში.
ცნობისთვის, რიუმინი სანქცირებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის მიერ.