მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პატიმრის მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის 26 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, პატიმრის მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მხრიდან სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა (ამ ეტაპზე დასკვნა მიღებული არ არის), მიმდინარეობს მოწმეთა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა და პატიმართა გამოკითხვა, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და სხვა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.