რუსებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება ან გაგრძელება სურთ, სამშობლოში ნასამართლობის შესახებ ცნობა მოეთხოვებათ.
ამის შესახებ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-რესურსი, Sotaproject, ასევე, საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი თავის ვებგვერდზე წერს.
Sotaproject-ის ცნობით, „განმცხადებელმა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და დადგენილი წესით დამოწმებული ცნობა უნდა წარადგინოს.“ უცხოელს შესაძლოა, უარი ეთქვას საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე, თუ ის ძებნილია, არის ბრალდებული სისხლის სამართლის საქმეში ან ბინადრობის ნებართვის მოთხოვნამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
ნიკოლაი ლევშიცი წერს, რომ რუსები საქართველოში ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით ახალ მოთხოვნებს წააწყდნენ და ეს მოულოდნელი იყო, რადგან კანონის თანახმად, ნასამართლობის შესახებ ცნობა სავალდებულო ცნობების სიაში არ შედის. ბლოგერი ადასტურებს, რომ „ბინადრობის ნებართვისთვის ახლა უკვე აუცილებელია ნასამართლობის შესახებ ცნობის ორიგინალის წარდგენა, რომელიც შესაბამისად თარგმნილი და დამოწმებული უნდა იყოს.“
ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყებისას საქართველოში 62 304 რუსი შევიდა, ხოლო 5 935 გავიდა. 2023 წელს შესულების მაჩვენებელი 52 627-ს, ხოლო ქვეყნიდან გასული რუსების რაოდენობა 35 344 ადამიანს შეადგენდა. 2024 წელს საქართველოში ქვეყნიდან გასულებზე (25 612) ნაკლები რუსი ჩავიდა (23 574). ამდენად, სამი წლის განმავლობაში საქართველოში, მინიმუმ, 71 000 რუსეთის მოქალაქე დასახლდა. ამასთან, წელს საქართველოდან 670-ზე მეტი უცხოელი გააძევეს, რაც მთელი გასული წლის მაჩვენებელზე მეტია. მათ შორის რუსების რაოდენობა არ კონკრეტდება.
bpn.ge – ლადო სულაბერიძემ