წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ გეგუთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის – შპს „მშენებელი 80“-ის წარმომადგენელმა ვალერი ბუცხრიკიძემ მოაწერეს.
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, მაგისტრალებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ჯამურად 27 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოები ეტაპობრივად, 2026 წლის ზაფხულის სეზონზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.” ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.