1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.
„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.










