მაღალმთიან რეგიონებში მოსულმა თოვლმა, ზამთრის საბურავების საკითხი უკვე აქტუალური გახადა. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს ამოქმედებული რეგულაცია მხოლოდ 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში მოქმედებს, ავტომობილებისთვის შესაბამისი საბურავებისა და მოცურების სააწინააღმდეგო ჯაჭვების ქონა, ჯერ კიდევ სავალდებულო არ არის.
შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, ავტომობილების გადაადგილება უკვე გართულდა და რამდენიმე რეგიონში ავტომობილებიც დაზიანდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლიდან, 1-ლი დეკემბრიდან, 1-ელ მართამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მხოლოდ ზამთრის საბურავებით არის დასაშვები. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილება, ასევე პირს შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე. ამასთან, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
დადგენილების მიხედვით, ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა.ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
რაც შეეხება გზის მონაკვეთებს, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, ჩამონათვალი ასე გამოიყურება. იხილეთ სრულად