დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა პირველი ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.
საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა მიიღოს, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ახალი დოკუმენტის მისაღებად უნდა წარადგინოს.
საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.
ახალი რეგულაციები პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე არ გავრცელდება.