„თუ ადამიანებმა ასეთი რისკები დაინახეს უძრავ ქონებაში, ისინი ინვესტირებას აღარ მოახდენენ“,- ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ პოლიციური გამოსახლება გაუქმებულია, უძრავი ქონების მესაკუთრეები ურჩი გადამხდელებისგან სრულიად დაუცველები არიან. როგორც ოთარ კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, ბინის გამქირავებლებისთვის ახალ საფრთხეს ჭარბი მიგრანტები წარმოადგენენ, რომელთა იდენტიფიცირება და შემდეგ სასამართლო დავის წარმოება გართულებულია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრმა ბინის მესაკუთრეებს გარკვეული რჩევები მისცა და ამასთან, პრობლემის გადაჭრაში, სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.
ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე ამგვარ განმარტებას – მე სოციალურად დაუცველი ვარ, არ გამაჩნია სხვა საცხოვრებელი, დავკარგე… და თითქოს, მთელ ამ ტვირთს აკისრებენ იმ ქონების მესაკუთრეს, რომელმაც დროებით ქირით დაუთმო საცხოვრებელი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომა და ლოგიკაა. იმის გამო, რომ მას ქონება გააჩნია, არ არის დამნაშავე. დღეს, აქ სახელმწიფოს როლი ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. პირიქით, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო ხედავენ ასეთ მდგომარეობას, მათაც ერთგვარად იგივე განცდა ეუფლებათ, უნდა გამოსახლდეს თუ არა დაჩქარებული წესით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიახ, უნდა მოხდეს.
ისეთი პირები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ან რომელთა გამოსახლება და უსახლკაროდ დატოვება არ შეიძლება, ამაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს კერძო მესაკუთრისგან. მან უნდა უზრუნველყოს საცხოვრებლით, ეს იქნება ქირის საფასურის გადახდა ან სხვა საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. ეს არის სახელმწიფოს როლი, აქ უნდა მოხდეს ჩარევა. არ შეიძლება ერთ მესაკუთრეს მთელი სოციალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ. სხვაგვარად, ეს ხელს შეუშლის უძრავ ქონებაში ინვესტირებას. იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა ასეთი რისკები დაინახეს უძრავ ქონებაში, ისინი ინვესტირებას აღარ მოახდენენ“,- განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.










