მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქონების გადანაწილების საკითხი ყოველთვის ემოციური და სამართლებრივად რთული პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობას ხშირად რთული განცდები და ურთიერთდაპირისპირებები შეიძლება მოჰყვეს, საქართველოში არსებული სამოქალაქო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდაცვლილი პირის ქონების გადანაწილება.
მემკვიდრეობის საგანი შეიძლება გახდეს ის ქონება, რომელიც პატრონის გარდაცვალების შემდეგ ახალ პატრონს გადაეცემა კანონით ან მემკვიდრეობით.
ახალი პატრონი ქონებას იღებს კანონით მემკვიდრეობით ან ანდერძით მემკვიდრეობით, ან ორივე საფუძვლით ერთდროულად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ქონების მეპატრონეს თავის სიცოცხლეში თავისივე ნებით არ შეუდგენია ანდერძი, მისი ქონების განაწილება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რიგითობა, თუ ვის ეკუთვნის მამკვიდრებლის ქონება პირველ რიგში. პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე და მშობლები (მშვილებლები). ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი რიგის ყველა მემკვიდრეს აქვს ერთმანეთის იდენტური უფლებები მამკვიდრებლის ქონებასთან მიმართებით, ანუ ყველა მემკვიდრეს ეკუთვნის მამკვიდრებლის ქონება თანაბრად.
დღევანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით ისეთ მოსაზრებას, თითქოს მამკვიდრებლის ქონება ეკუთვნის მხოლოდ მის ვაჟიშვილს, თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მხოლოდ საზოგადოებაში წარმოქმნილი აზრი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, კანონით, ქალიშვილიც ისეთივე სრულფასოვანი მემკვიდრეა, როგორც – ვაჟი.
ანდერძით მემკვიდრეობის დროს, კანონით მემკვიდრეობისაგან განსხვავებით, გარდაცვლილ პირს ანდერძის შედგენით წინასწარ აქვს განსაზღვრული, ვის დარჩება და რა რაოდენობით მისი ქონება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონი არც ანდერძის შემთხვევაში ტოვებს უყურადღებოდ კანონისმიერ მემკვიდრეებს. ასეთ შემთხვევაში, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები მიიღებენ სავალდებულო წილს ქონებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მიიღებენ იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდნენ თუ ანდერძი არ იარსებებდა.
რაც შეეხება კანონითა და ანდერძით მემკვიდრეობას ერთდროულად, აღნიშნულს ისეთ შემთხვევებში აქვს ადგილი, როდესაც ანდერძი დაწერილია სამკვიდროს მხოლოდ ნაწილზე ან ანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი, სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ არის მოხსენიებული ანანდერძი სასამართლოს მიერ ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება, როგორც ანდერძი, ისე კანონმდებლობით დადგენილი წესები, რითიც მთლიანად რეგულირდება სამკვიდროს საკითხი.
ქონების სამართლებრივი გადანაწილება ისეთივე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, როგორც ოჯახის შიდა ურთიერთობები. შესაბამისად, ოჯახის წევრებმა აუცილებელია ყურადღება მიაქციონ როგორც მემკვიდრეობის პროცესის სამართლებრივ ასპექტებს, ისე მოსალოდნელ ხარვეზებსა და გართულებებს.