ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ,,ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად და საზეიმო განწყობის შესაქმნელად მრავალფეროვანი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.
-2023 წლის 2 და 3 მაისს ცენტრალურ ბულვარში, განახლებულ ფალიაშვილის ქუჩაზე და ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება, რომლებიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი.
-,,ქუთაისქალაქობა 2023“-ის აღნიშვნა დაიწყება ბაგრატის ტაძარში, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დალოცავს ქუთაისს. ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქისა და მხარის პირველი პირები.
-ქალაქისა და მხარის პირველი პირები პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ სამი ოთარის ძეგლს.
-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხდება დიპლომატიური კორპუსის მიღება, სადაც გიმნაზიელი გოგონები გვირილების გულსაბნევებს დაამაგრებენ სტუმრებს.
-ცენტრალურ ბულვარში სტარტს აიღებს ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. დახლებზე წარმოდგენილი იქნება ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მოღვაწე რეწვის ოსტატების ნამუშევრები;
– წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე სხვადასხვა სახის ლიტერატურას შემოგვთავაზებენ საქართველოს ცნობილი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები (პალიტრა L, სანტა ესპერანსა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი);
-ყვავილების გამოფენა-გაყიდვაზე საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენენ ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ყვავილების მაღაზიები;
-ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გამოფენა მოიცავს მუზეუმში დაცული ფოტოებისა და კინოსთან დაკავშირებული რეკვიზიტებისა და მასალების ჩვენებას; მოეწყობა ქართული ფოტოზონის სივრცე, სადაც მოქალაქეები გადაიღებენ ფოტოებს;
-ცენტრალურ ბულვარში დღის მანძილზე გაიმართება საბავშვო გასართობი აქტივობები (ანიმაციური გმირები, ანიმატორები, სახეზე მოხატვა, ილუზიონისტების შოუ, სახატავი და საძერწი კუთხე, კარიკატურისტები),
-მოეწყობა იმერული ფოტოზონა.
-ფალიაშვილის ქუჩის განახლებულ ნაწილში – ტროტუარზე განთავსებულ სახლებში ქუთაისში არსებული ადგილობრივი კაფე-რესტორნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას, რომელთა დაგემოვნება და შეძენა დღის მანძილზე შეეძლებათ ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს.
-ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება ,,ტურისტული ბაზრობა”, პროექტის “EscapeLand აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში” ფარგლებში. აქტივობა მიზნად ისახავს მასში მონაწილე ქალაქებიდან (რუმინეთი, ქალაქი გალაცი, მოლდავეთი, ქალაქი კანტემირი, რუმინეთი, ქალაქი კონსტანცა) მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენას რეწვისა და სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. ასევე, ბაზრობაზე მოხდება პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია და პარტნიორი ქალაქების ურთიერთგამოცდილების გაზიარება.
-ცენტრალურ მოედანზე, კოლონადებთან წარმოდგენილი იქნება ვინტაჟური ავტომობილების გამოფენა.
-თეთრი ხიდის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე გაიმართება კონცერტი, რომელზეც ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ შესრულდება ცნობილი სიმღერები და მუსიკალური ნომრები.
-ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის ,,ვარლა“ წევრი მხატვრები მოაწყობენ ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვას. ასევე სკვერში გაიმართება გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციურ ცენტრში გაიხსნება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო პროექტი ,,ქარავან-არტფორუმი ქუთაისი 2023“. ფორუმში მონაწილეობენ არტისტები ევროპის 7 ქვეყნიდან (საფრანგეთი, საბერძნეთი, ბელგია, ლიეტუვა, ესტონეთი, გერმანია და საქართველო). მრავალფუნქციურ ცენტრში გაიმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა და სალონიკისა და ქუთაისის ფოტო არქივების ერთობლივი ფოტოგამოფენა, მოეწყობა კონფერენციები ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
-ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ქალაქისა და მხარის პირველი პირები დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად დარგავენ ნერგებს.
-ორმაისობის ღონისძიებების ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაჯილდოვდებიან საპატიო ქუთაისელები;
– კონცერტს გამართავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ,,ქართველი კომპოზიტორების კინომუსიკა“ – სოლისტები ეკა მამალაძე, დათო ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე, გედი ჯინჭარაძე, ნატა კახიძე.
-დღის ბოლოს დააგვირგვინებს გალა-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე თბილისის ბიგბენდის მონაწილეობით. კონცერტში მონაწილეობენ: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, თემო საჯაია, ზაურ ბოლქვაძე. კონცერტს გაუძღვებიან მანიკა ასათიანი და ზურა გორგაძე.
-ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი.
-მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება ზურაბ ანჯაფარიძის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი.