აშშ-ის კალიფორნიის შტატში დაფუძნებული კომპანია Orbital Assembly Corporation კოსმოსში პირველ სასტუმროს განათავსებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მოგზაური სადგურის” სახელით ცნობილი კონსტრუქციის მშენებლობა დედამიწის ორბიტაზე 2025 წლიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
კოსმოსურ სასტუმროს ბორბლის ფორმა ექნება. ის საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალებს, რის შედეგადაც ხელოვნური გრავიტაციის წარმოქმნას შეძლებს, რომელიც მთვარის ზედაპირზე არსებულის მსგავსი იქნება. მთავარი კონსტრუქციის გარშემო საერთო ჯამში 24 მოდული განლაგდება, რომელთა სიგრძე 20 მეტრი, სიგანე კი 12 მეტრი იქნება. იქ ბარები და რესტორნები, კინოთეატრები, ფიტნეს დარბაზები და სპა სალონები, ასევე, 400 ადამიანზე გათვლილი ნომრები მოეწყობა. რა ეღირება ღამის გათევა ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ სასტუმროში, ამ დროისთვის უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოდულების ნაწილის დაქირავებას ან შეძენას ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA), სხვადასხვა კერძო კომპანია თუ სამთავრობო სამსახური შეძლებს. როგორც ცნობილია, მას მთვარესა და მარსზე დაგეგმილი მისიების დროს ასტრონავტების მოსამზადებლადაც გამოიყენებენ. Orbital Assembly Corporation ამჟამად “მოგზაური სადგურის” შედარებით მცირე ზომის პროტოტიპის აგებაზე მუშაობს, რომლის დიამეტრიც 61 მეტრი იქნება. ის ჩვენი პლანეტის დაბალ ორბიტაზე განთავსდება და ბრუნვისას მარსის მსგავს გრავიტაციას წარმოქმნის, რაც დედამიწის გრავიტაციის 40 პროცენტს შეესაბამება. ამის გარდა, კომპანია რობოტის STAR გაუმჯობესებული ვერსიის შექმნასაც გეგმავს, რომელსაც კოსმოსში კონსტრუქციის ჩარჩოს ასაშენებლად გამოიყენებენ.
პროექტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც Orbital Assembly Corporation-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის Falcon 9 და კოსმოსური ხომალდის Starship საშუალებით დედამიწის ორბიტაზე კონსტრუქციის განთავსება შედარებით ბიუჯეტურ ფასად იქნება შესაძლებელი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, “მოგზაური სადგური” კოსმოსში ადამიანის მიერ აგებული ყველაზე დიდი ობიექტი იქნება.
popx.ge