მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა, სხვადასხვა სამსახურის მუშაობა, გაიხსნა საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, თუმცა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად გარკვეული რეგულაციები ისევ მოქმედებს. ქუჩაში გადაადგილებისას სავალდებულოა დამცავი ნიღბის ტარება, ძალაში რჩება ტემპერატურის შემოწმებები და მასობრივი თავყრილობების აკრძალვა. ჩინეთის ქალაქ ჰანჯოუში მდებარე დაწყებით სკოლაში კი, სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მოსწავლეებს სპეციალურ ქუდები ახურავთ.
ახალი სემესტრის დაწყებამდე, მოსწავლეებმა ქუდები მშობლების დახმარებით თავადვე დაამზადეს. უჩვეულო აქსესუარის მთავარი კომპონენტი მინიმუმ ერთი მეტრის სიგრძის ჰორიზონტალური ფარფლებია, რაც ბავშვებს ერთმანეთთან მიახლოებისგან თავის შეკავების საჭიროებას ახსენებს.

სოციალური დისტანცირების უზრუნველსაყოფად სკოლამ სხვა გამოსავალიც მონახა და საკლასო ოთახებში ნაფეხურების ფერადი სურათები დააკრა, რომელთა მიხედვით ბავშვებს ერთმანეთთან მანძილის გასაზღვრა შეუძლიათ. ამასთანავე, მოსწავლეებისთვის სავალდებულოა დამცავი ნიღბების ტარება. მკაცრად კონტროლდება მათ მიერ ჰიგიენის წესების დაცვა, პერიოდულად კი ტემპერატურის შემოწმებებიც ტარდება.
popx.ge












