ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ პარკის მოწყობა იგეგმება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ბაზრის კვლევას აცხადებს.
„საპროექტო არეალი მოიცავს წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზასა და ყოფილი პარლამენტის შენობას შორის ტერიტორიას, სავარაუდო ფართით – 70 ჰა,“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
კერძოდ, დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე იგეგმება შემდეგი ინფრასტრუქტურის მოწყობა:
- საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
- სპორტული ზონები (ღია მოედნები, სავარჯიშო სივრცეები);
- რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
- საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
- ახალი სხვადასხვა დანიშნულელბის შენობა-ნაგებობები;
- არქიტექტურული ობიექტები (მაგ. პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
- კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების მოედანი და სხვა);
- ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, დეკორატიული ტბა, შადრევნები);
- ავტოპარკინგი;
- ჭადრაკის მაგიდები;
- სასმელი წყლის შადრევნები;
- ფურნიტურა.
„გასაწევი მომსახურება შედგება 4 ძირითადი ეტაპისგან, რომლებიც ეტაპობრივად ჩაბარდება დამკვეთს. მომსახურების მიწოდების პირველი სამი ეტაპის საერთო ვადა შეადგენს 8 თვეს, რაც აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერიდან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.