ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა, სასურველი კომპენსაციის პაკეტი უკვე აირჩია და მათთან შესაბამისი დოკუმენტი იურიდიულად გაფორმდა. უწყება მათ ვინაობას არ გაასაჯაროებს.
“პატივს ვცემთ, კლინიკის თანამშრომლების სურვილს, კოლეგების ნაწილისგან, ზეწოლის თავიდან ასარიდებლად, მათი ვინაობა და გადაწყვეტილება კომპენსაციებთან დაკავშირებით, დარჩეს კონფიდენციალური. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია უწყების მიერ არ გასაჯაროვდება.” აცხადებს ჯანდაცვა.
საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილებას რესპუბლიკურის ექიმები სასამართლოში ასაჩივრებენ და სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.
მედიკოსებმა სარჩელი უკვე მოამზადეს. მოთხოვნები უცვლელია – ექიმები კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.
უკვე მე-6 დღეა ამ მოთხოვნით პროტესტი გრძელდება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ექიმებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და აქციებმა პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გადაინაცვლოს.










