2018 წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი
მიმდინარე წლის 18 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 66 240 ლარი ჩაერიცხა, რომელიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანად მიმართა ქველმოქმედებაზე. დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ქველმოქმედების სახით პრეზიდენტს მთლიანად გაცემული აქვს 78 326 ლარი – “სალომე ზურაბიშვილის ფონდში“ გადარიცხული აქვს 49 520 ლარი, ხოლო ზოგადად ქველმოქმედებაზე – 28 806 ლარი აქვს გაცემული.
რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, საქართველოს პრეზიდენტის საკუთრებაშია: 2006 წელს შეძენილი 126,33 კვ.მ სახლი თბილისში, ასევე, 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც 160 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა 60 კვ.მ სახლი საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, რომლის ღირებულება 150 000 ევროს შეადგენს.
დეკლარაციის შევსების მომენტში, პრეზიდენტი ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე – 30 000 აშშ დოლარს, სახელფასოზე – 1 940 ლარს, société générale Paris-ის ანგარიშზე კი – 62 378 ევროს.
bpn.ge










