უძრავი ქონების მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ გაქირავებულ ბინას უკან ვერ იბრუნებენ და სასამართლო დავებზე უწევთ ენერგიისა და დიდი დროის დახარჯვა. ბოლო დროს კი კითხვები უცხოელი მდგმურების მისამართით ჩნდება, ისინი მეპატრონეებს ხშირად სთხოვენ საცხოვრებელ სახლში ჩაწერის ნებართვას, სტუდენტური ვიზის გახანგრძლივების მიზნით.
იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი და როგორ დავიცვათ თავი მსგავსი გამოცდილებისგან, ამ კითხვით იურისტს აკაკი ჩარგეიშვილს Palitravideo.ge ესაუბრა.
როგორც იურისტი განმარტავს, ბინაში რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქირავნეს უჩნდება საცხოვრისთან მიმართებაში კანონიერი ყოფნის, ანუ მართლზომიერად ყოფნის უფლება. შესაბამისად, ბინის მესაკუთრე მის გამოსახლებას ვეღარ ახერხებს.
აღსანიშნავია, ისიც რომ როგორც ჩარგეიშვილი განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასეთ დროს პოლიციაც ვერ ჩაერთვება.
„საქართველოში უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზებულია მათი საქართველოში ჩამოსვლისა და სწავლის დაწყების საკითხები, ასევე ამასთან დაკავშირებული სანებართვო ურთიერთობები. უნივერსიტეტი არის პასუხისმგებელი რგოლი, რომელიც სტუდენტისთვის აკეთებს სავიზო პროცედურებს. ანუ უმაღლესმა სასწავლებელმა თვითონ უნდა მოიწვიოს ქვეყანაში, რომ მისი სასწავლებლის სტუდენტი გახდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში, თუ ადამიანი მიიღებს სავიზო ნებართვას, მას საქართველოში ქირავნობის ურთიერთობებში ჩაწერის მოთხოვნა არ გააჩნია. ერთადერთი, უნივერსიტეტს უნდა აცნობოს, რა მისამართზე იცხოვრებს. მისი ამ ადგილზე რეგისტრაციის ვალდებულება, როგორც ასეთი, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ სტუდენტი რეგისტრაციას მოსთხოვს მესაკუთრეს, მეპატრონე გაცნობიერებული უნდა იყოს ყველა ამ საკითხში. თუ ეს ცნობიერება მესაკუთრეს ექნება, დაუსვამს კითხვას, რატომ არის საჭირო მოითხოვოს მსგავსი სარეგისტრაციო რეჟიმი.
ყველამ უნდა გაითვალისწინოს ერთი დეტალი – არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტია, ტურისტი თუ სხვა პირი – ბინაში რეგისტრაციის შემთხვევაში კანონიერი მესაკუთრეები მოქირავნეების გამოსახლებას ვეღარ ახერხებენ. რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, ამ კონკრეტულ დამქირავებელს უჩნდება საცხოვრისთან მიმართებაში კანონიერი ყოფნის, ანუ მართლზომიერად ყოფნის უფლება. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პოლიციაც ვერ ჩაერთვება. იმიტომ, რომ საკუთრების ხელყოფა არის მართლწინააღმდეგობრივი ქმედება. ანუ ისეთი შემთხვევა, როცა რაიმე ნებართვა არ არსებობს. ხოლო თუ პირი ნამდვილად არის რეგისტრირებული ბინაში, გამოდის, რომ მართლზომიერად იმყოფება იქ და ვერც მესაკუთრე და ვერც პოლიცია ვერაფერს იზამს.
მსგავს შემთხვევაში, ბინის მეპატრონეს უწევს, სასამართლოში იდავოს და სამწუხაროდ, სასამართლო წესით დაიწყოს გამოსახლების პროცედურები. ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ დროსთან. სასამართლო გაგრძელდება 2-3 და ასე შემდეგ წლები, გამოსახლებასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
ეს უნდა იცოდეს მესაკუთრემ აუცილებლად. თუ შეეცოდება და დამქირავებლის თხოვნას აჰყვება, მაშინ უნდა გაითვალისწინოს ისიც, თუ რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. სტუდენტი ხარ თუ არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, აქ რეგისტრაციის რეჟიმია მნიშვნელოვანი“, – აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი.
bpn










