საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. არჩევნებამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩევლებს მოუწოდა, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად არ წავიდნენ და პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო მანდატების მიღებაზეც უარს ამბობენ, ამიტომ არსებობს რეალური შანსი, რომ პარლამენტი დეპუატატებით მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტოს.
რა სურათს მივიღებთ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში
როგორც პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ერთპარტიული პარლამენტის შემთხვევაში, ქვეყანას დემოკრატიული იმიჯის შენარჩუნება გაუჭირდება.
„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა, ძალიან ცუდ სურათს მივიღებთ. მსოფლიოში ეს ფაქტი იქნება აღქმული, როგორც ავტორიტარული რეჟიმის მიერ ქვეყნის მართვა.
„ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებათ ქვეყნის მართვა. თუ ყველა დაწერს გაცხადებას და უარს იტყვის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, პარლამენტში იქნება არა 150, არამედ 90 დეპუტატი, ეს იქნება ძალიან სკანდალური ვარიანტი. „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, კონსტიტუციურად მართოს ქვეყანა, მაგრამ მისთვის პოლიტიკურად, მორალურად ქვეყნის ერთპარტიულად მართვა ძალიან დამამცირებელი იქნება“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
არის თუ არა სწორი პოლიტიკური სტრატეგია, როცა ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მანდატების მიღებაზე უარს ამბობს
ზაქარეიშვილის განცხადებით, იქცევა თუ არა კარგად ოპოზიცია, ამას დრო აჩვენებს.
„საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური აღმოჩნდა ფარსი, რადგან ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. შესაბამისად, არჩევნებზე ოპოზციის ამომრჩეველი არ მივა, ამას ემატება კორონავირუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე სრულად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც არ მივა.
ოპოზიციას აქვს პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი შეფასებაა, რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი ხელისუფლებას შერჩეს. სწორია თუ არა ოპოზიციის ბოიკოტი, ამას ვნახავთ ხელახალ არჩევნებამდე. თუ შემდეგი არჩევნები ჩატარდება ერთი წლის ფარგლებში, ოპოზიციის სტრატეგია სწორი იქნება. თუ 2024 წლამდე მივიდა არჩევნები, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციის სტრატეგია იყო მცდარი“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
„ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის არყოფნით პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მხრივ, არაფერი დააკლდება.
„ყველა გზა პარლამენტზე გადის, ერთპარტიული პარლამენტი უსიამოვნოა, არ ვარგა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ასეთი გამოწვევები გაიარა, დემოკრატიის გზაზე დგას, თავისუფლება მოპოვებული აქვს და ამას კბილებით ინარჩუნებს, განვითარების რეჟიმშია. თუმცა პარლამენტმა უამრავი კანონი ოპოზიციის გარეშე მიიღო, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. პარლამენტმა სასიცოცხლო ფუნქციის განხორციელება ოპოზიციის გარეშე მოახერხა, თუმცა მაინც იქმნება უხერხულობა. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა ნიშნავს, ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევასა და საქართველოს წარმატებულ მომავალზე უარის თქმას”,- განაცხადა კახაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს. არჩევნებში გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
წყარო: პრაიმტაიმი