ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მხნედ გამოიყურება და შიმშილობის შეწყვეტას არა პირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის თხოვნა, მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა არჩევნებზე თავიანთი ხმა დააფიქსირონ და მხარი დაუჭირონ კოალიციურ კანდიდატებს.
„მოვინახულე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გამოიყურება ყოჩაღად. მოტივირებული ისედაც არის. ფიზიკურად ძლიერად არის. საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებაზე, მის ჯანმრთელობაზე. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას არც ერთი პირობით და არანაირ ვითარებაში. რა თქმა უნდა, მოწოდებაა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველანი არჩევნებზე და კოალიციური კანდიდატების მხარის დაჭერა, ძვირფასო მეგობრებო. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენ მიმართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.