როდესაც არჩევანს არ მიტოვებ, საჯაროდ შეურაცხყოფილად და უსამართლოდ მექცევი, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გადახედვა ბუნებრივი პროცესი ხდება – რა თქმა უნდა, ასე გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, დავიცვათ თავი და ურთიერთობებს გადავხედოთ! ცალმხრივი მეგობრობა და პარტნიორობა არ შეიძლება! – ეს განცხადება მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, “თუ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის უფსკრულს უფრო მეტად გაზრდის”.
„პოლიციელების დასანქცირების თაობაზე აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს უყურებს, როგორც ვასალს და არა როგორც პარტნიორ ქვეყანას. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რაც პრემიერმა კობახიძემ აშშ-ს ელჩს უთხრა. აშშ-ს მხრიდან ასეთი არაპარტნიორული დამოკიდებულებები კონტრპროდუქტიულია და წყალს ოპოზიციის სასარგებლოდ არ ასხამს – არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ამ მიზნით კეთდება.
მანამდე მოსამართლეები დაასანქცირეს, ახლა – პოლიციელები. ეს კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები როგორმე შეარყიონ და შემდეგ ოპოზიციამ რევოლუციური სცენარები განავითაროს.
ქართული ხალხი ამ ყველაფერს იღებს პირიქით – შეურაცხყოფად!
რაც უფრო მეტად გაიზრდება არასამართლიანი წნეხი, მით მეტი შანსი აქვს ხელისუფლებას, რომ ხალხმა მას დაუჭიროს მხარი არჩევნებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.