ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. არსებობს ერთი ლამაზი ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც, როდესაც ოჯახი გასაჭირშია, მფარველი ანგელოზი მთელ სახლს გადააფარებს ფრთებს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე.
ძველი ხალხური ტრადიციით, წელიწადში ერთხელ (ხორციელის ხუთშაბათს) იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის.
სახლთანგელოზობა ძველი, ფშაური ტრადიციაა. ამ ლამაზ ტრადიციას კახეთშიც ასრულებდნენ.
საგანგებოდ ამ დღისთვის, გამთენიისას ჩვენი წინაპრები საუკეთესო დედალს დაკლავდნენ და მრგვლად ხარშავდნენ. ოჯახის დიასახლისი ნახარშს საჩიხირთმედ ინახავდა. დედალს შებინდებულზე, სახლში შემოსასვლელ ღია კართან დადგამდა, ხელადით ღვინოს დაუდგამდა, ირგვლივ ბატიბუტს შემოუყრიდა, საგანგებოდ გამომცხვარ ქადაზე სანთელს აანთებდა და ოჯახის უფროსს აგზავნიდა სახლის ანგელოზის მოსაპატიჟებლად.
ოჯახის უფროსიც ძალისხმევას არ იშურებდა, რომ ანგელოზი სახლში პატივით შემოეპატიჟებინა და მისთვის საგანგებოდ განკუთვნილი ადგილი მიეჩინა.
„ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…
ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში! ამინ!“
იმ დღეს ოჯახში ჩხუბი და კამათი აკრძალული იყო.
ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ თუ ანგელოზი ოჯახში შებრძანდებოდა, ოჯახს მთელი წელი ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა არ მოაკლდებოდა, ავი ანგელოზი კერიას ვერაფერს დააკლებდა.
„იწვოდა სანთელი, ილოცებოდა პაპაჩემი და მე ნამდვილად ვხედავდი პატარ-პატარა ფრთიან გოგო-ბიჭებს და მათ ლანდებს კედელზე. მერე ლამაზად (ქართულად) აქნიდა იმ დედალს, დაგვსვამდა სუფრასთან, დაგვიდებდა თეფშზე საუკეთესო ნაჭრებს, ცოტ-ცოტა ნიორთავას, პატარა ჭიქებით საფერავს და გვალოცვინებდა ფუძე-ჭერის ანგელოზებს.
იმ დედალზე და მეორე დილას მისი წვენიდან გაკეთებულ ჩიხირთმაზე გემრიელი არც არაფერი მგონია და ქადა-სანთელი და ჭიქა საფერავი ხომ მთლად სულ-გულის წამლად გვერგებოდა“, – ბავშვობისდროინდელ ტრადიციას პოეტი მარიამ ხუცურაული იხსენებს.