აქციზის გადასახადი 6 წლამდე ავტომობილებისთვისაც იზრდება – ამას ითვალისწინებს „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების წევრებმა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს.
ცვლილებების თანახმად, განბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრება, ნაცვლად დღეს მოქმედი 0.8-1.4 ლარისა, რომელიც 2020-2023 წელს გამოშვებული მანქანების განბაჟებისასაა დაწესებული.
“კანონპროექტის ძირითადი არსია მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილება, რაც ითვალისწინებს 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე, ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესებას, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას.
აღნიშნული მიზნით, სსკ-ის 188-ე მუხლს ემატება მე-12 და მე-13 ნაწილები, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება, ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
რა დაჯდება 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟება
ინფორმაციისთვის, 2025 და 2024 წელს გამოშვებული ავტომობილების განბაჟების საფასური ერთ კუბურ მეტრზე აქამდეც 1.5 ლარით იყო განსაზღვრული. კანონპროექტის მიხედვით, ტარიფი აღნიშნულ კატეგორიაში არ იცვლება.
რაც შეეხება სხვა წლოვანების ავტომობილებს, აქციზის გადასახადი ამ ეტაპზე 0.8-დან 1.4 ლარამდე მერყეობს. კერძოდ:
- 2023-წლიანი – მოქმედია 1.4 ლარი, იზრდება 1.5 ლარამდე (1400-დან 1500 ლარამდე);
- 2022-წლიანი – მოქმედია 1.2 ლარი, იზრდება 1.5 ლარამდე (1200-დან 1500 ლარამდე);
- 2021-წლიანი – მოქმედია 1.0 ლარი, იზრდება 1.5 ლარამდე (1000-დან 1500 ლარამდე);
- 2020-წლიანი – მოქმედია 0.8 ლარი, იზრდება 1.5 ლარამდე (800-დან 1500 ლარამდე).









