იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს და გადამცემი ქსელები ასევე შესაბამის სიმძლავრეებს საჭიროებს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის.
„ზოგადად, იმერეთის ხაზი არის ჩვენი ქსელის ყველაზე სუსტი წერტილი. დიდი ხანია არის პროექტი, რომ იმერეთის ხაზის შემოვლითი გზა გაკეთდეს, რომ ყველაზე სუსტი წერტილი, რაც აქვს სისტემას მოგვარდეს. ეს წერტილი იმიტომაცაა სუსტი, რომ ძირითადად ენგურიდან გააქვს გენერაცია, რომლის მოხმარება ხდება აღმოსავლეთ საქართველოში. როცა ენგურიდან მოდის მთელი გენერაცია და არა იმერეთის ხაზის აქეთ, აღმოსავლეთში არსებული ობიექტებიდან, მაშინ ეს ხაზი იტვირთება. ზოგადად, რაც უფრო დივერსიფიცირებული გაქვს მიწოდება, მით უფრო ნაკლები გაქვს გათიშვის რისკები. მიწოდება უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული არამარტო წყაროების მიხედვით (ჰიდრო, ქარი, მზე).
„როცა იმპორტს აკეთებ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც ერთი ან ორი გადამცემი ხაზით ხარ შეზღუდული. ის ხაზი რომ გაგეთიშოს, შენ მზად უნდა იყო იმისთვის, რომ იმ რაოდენობის იმპორტი ან გენერაცია დაახვედრო ადგილობრივად. ანუ რისკი იმისა, რომ გაგეთიშოს ყოველთვის არსებობს და მაგისთვის მზად უნდა იყო. თუ რუსეთიდან გავაკეთეთ იმპორტი, იქ საერთოდ ერთი ხაზი გვაქვს და ერთ ხაზზე დამოკიდებულები ვხდებით და მერე შიდა ქსელებიც საკმაოდ გადატვირთული ხდება. ისევ „იმერეთის“ ხაზზე მოდის რუსეთიდან იმპორტი, თუ მოუწია. ნებისმიერი სხვა ქვეყნიდანაც იგივე მდგომარეობაა. ხაზს თავისი ლიმიტი აქვს, ეს ლიმიტიც ისეთია, რომ თუ გაითიშა ხაზი, ამ დროს რას აკეთებ ყოველთვის უნდა იცოდე. ენგურის მოცულობაც რომ გადაიტანო იმპორტზე, იმპორტს ვერ გაუძლებს ვერცერთი ხაზი, გადაიტვირთება და გაითიშება“, -.აცხადებს ჩახვაშვილი.
ესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი გამომუშავების კლების (19%) ფონზე ელექტროენერგიის იმპორტი 117%-ით გაიზარდა. მთლიანობაში წელს დენის იმპორტმა 1.69 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის 37.5% იყო. თავის მხრივ იმპორტის დიდი ნაწილი – 924 მილიონი კილოვატ საათი აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს წარმოადგენდა და მასში საქართველოს ფული არ გადაუხდია.









