დიდი შაბათი – ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღეა. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.
მადლმოსილი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე
ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.
IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.
მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო – კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.
მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.
წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, – ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52), – თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.
მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით – წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.
მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით – ლუქის ან ცვილის ბეჭდით – დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის – ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.
ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის – კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. პატრიარქი განიმოსება – განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს – და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.
დიდ შაბათს “ღირს არს”-ს ნაცვლად საკითხავი საგალობელია:
ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძირსა, რომელი მუცლადმიიღე, თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმერთაებრ და მაღალ ვჰყუნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.
წყარო: მშობლები . ge