თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, საპირფარეშო და დერეფანი გახდა, ასევე – მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო და საღებავის მკვეთრი სუნი.
როგორც შანიძის 28 ნომერში მდებარე ბაღის დირექტორმა განაცხადა, ვითარებიდან გამომდინარე, მშობლებმა პრეტენზია გამოთქვეს და პატარები უკან წაიყვანეს. მისივე თქმით, დაწესებულებაში ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. დირექტორის განმარტებით, შექმნილი უსიამოვნო ვითარება ხვალამდე მოწესრიგდება და სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტას უარყოფენ.
თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში 300-მდე მცირეწლოვანი დადის.
დღეს, 16 სექტემბერს საქართველოს საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.