ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებსა და ნაკვეთებს მასობრივად ყიდულობს. „ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე“, – აცხადებს მეუფე ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში. მიტროპოლიტი თითო სახლში 2500-2800 დოლარს იხდის და სოფელში „ოაზისის“ გაკეთებას აპირებს.
„პირველ რიგში აქ სახლებს ავაშენებ. სოფელი შემოსაზღვრული იქნება გალავნით. გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ნატურალური მეურნეობა იქნება. ყველგან კამერები დაყენდება და სახლის მფლობელს თავისი სახლის კონტროლი შეეძლება. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა აქ სახლები იაფი არ იქნება.
საპატრიარქო არაფერ შუაშია, ჩვენ ვყიდულობთ ნელ–ნელა. ბიზნესმენები გვეხმარებიან. მინდა, ნამდვილი ოაზისი გავაკეთო“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მიტროპოლიტის კომენტარს. მისივე თქმით, როცა მთლიან სოფელს იყიდის, იქ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიის გახდება.