ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, მომავალი კვირიდან დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი არავაქცინირებულებს, ურჩევენ, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, თუ ამას გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.
ხელისუფლება იმ პირებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე ტესტი დაუყოვნებლივ ჩაიტარონ, მიუხედავად იმისა, ვაქცინირებულები არიან, თუ არა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ, რამდენიმე დღის წინ, 12-15 წლის ასაკის პირებში ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა კი განცხადება გაავრცელა და მოზარდებს მოუწოდა, ვაქცინის პირველი დოზა 9 ივლისამდე გაიკეთონ.
ისრაელში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო თვეების განმავლობაში. შეშფოთება იზრდება ახალი „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 70% -ზეა პასუხისმგებელი.