გაუპატიურება და ძალადობა – ეს ის შესაძლო მძიმე დანაშაულებია, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველი საუბრობს. ომბუდსმენი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უშედეგოდ. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კვლავ დახურულია, სადაც მეუფე სპირიდონის დადგენილი წესებით ცხოვრობენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, პანსიონში 57 ბავშვია, მათგან ყველაზე უმცროსი – 5 წლისაა და იქ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით კი, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.
სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ. მეუფეს სპირიდონის განცხადებით ის არ დაუშვებს პანსიონში მათ შესვლას. ლომჯარია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი პრეტენზიები სახალხო დამცველს სახელმწიფო უწყებებთან აქვს, რომლებმაც, მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულებისა, ვერ უზრუნველყვეს სახალხო დამცველის მონიტორინგი.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს, ლომჯარია განმარტავს:
„ერთ მუშაკზეა საუბარი, ერთი სოციალური მუშაკი არის იქ და მასაც ერთი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ. ჩვენი ჩარევის, ასევე მედიაში გახმაურების შემდეგ, შეუშვეს ეს ადამიანი. და ისიც სრულყოფილად ვერ ახერხებს იქ მუშაობას, არ აქვს წვდომა სრულყოფილად დოკუმენტაციაზე და ის არ ახორციელებს იქ მონიტორინგს იმიტომ, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო ვართ ჩვენს, სპეციალური სპეციალიზაციისა და ექსპერტიზის მქონე პირებთან ერთად.“
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მისმა აპარატმა გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.
“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს”, – წერია ლომჯარიას განცხადებაში.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმეს ბოლომდე მიჰყვება და არა მხოლოდ ჩაატარებს მონიტორინგს, არამედ მიაღწევს მსგავსი დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვას. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ბავშვთა უფლებების პრაქტიკით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები ოჯახის ტიპის სახლებში უნდა იზრდებოდნენ და არა — დიდ პანსიონებში.
„მე მაქვს იმის შიში, რომ როდესაც ჩვენ შევალთ მონიტორინგისთვის, – და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, – მაქვს იმის შიში, რომ შესაძლოა გაგვიჭირდეს ბავშვებთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ მე არ ვიცი, დღესდღეობით ამ ბავშვებს რას ესაუბრებიან და, დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს ეტყვიან. შეიძლება გარკვეული შიშები ან სტერეოტიპები ჰქონდეთ მათ ჩამოყალიბებული ჩვენთან დაკავშირებით და, დარწმუნებული ვარ, იმუშავებენ იმაზე, რომ არ ისაუბრონ.… ასევე მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულებაში ხელმძღვანელობას აქვს რაიმე დასამალი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ჩვენ არ გვიშვებენ. მათ შორის, სხვა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ დაწესებულებებში ჩვენ გვიშვებენ — ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან საუბარში შეგვიშალეს ხელი და შემდეგ საერთოდ დაგვიკეტეს კარი“ ,— ამბობს ლომჯარია.
სახალხო დამცველის ინფორმაციითვე, ისინი შესაბამის დოკუმენტებს ამზადებენ და სასამართლოს მიმართავენ.









