ეს უჩვეულო სანახაობა მალთაყვის უბნის სანაპიროზე დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, უსიცოცხოლო მედუზებით სავსე სანაპირო, საკმაოდ სევდიანი სანახავია. მათივე თქმით, მსგავს მოვლენას აქამდე ადგილი არ ქონია. – ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?v=0uwFhYN2DbA
https://www.youtube.com/watch?v=0uwFhYN2DbA
ამ ფაქტთან დაკავშირებით, „აიპრესი“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, მოხდა აღნიშნული პერიმეტრის შესწავლა და მათი განმარტებით, მედუზების გამორიყვის მიზეზი შესაძლოა იყოს ზღვის ღელვა, დინება და ქარის მიმართულება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ოპერატიულად შეისწავლეს აღნიშნული ფაქტი.
სპეციალისტების განმარტებით, წელს შავ ზღვაში მედუზების სიმრავლე აღინიშნება. სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ეს არის ბიოეკოლოგიური მოვლენა, რომლის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორია, მათ შორის გლობალური, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. მათ სიმრავლეს ზღვის ფსკერსა და წყალში საარსებო პირობები, ასევე, გაზაფხულის სეზონზე არსებული ტემპერატურა განაპირობებს.
მედუზების გამორიყვის მიზეზი, განსაკუთრებით მათი ჭარბი რაოდენობის პირობებში, შესაძლოა იყოს ზღვის ღელვა, დინება და ქარის მიმართულება.
მედუზების გამორიყვის ფაქტები სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნებშიც დაფიქსირდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ipress.ge










