კახეთის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდებმა 19 წლის ბიჭზე ფიზიკურად იძალადეს.
მიზეზი თანასოფლელ გოგონასთან მიმოწერა გახდა.
ირკვევა, რომ საქმრომ, რომელზეც გოგონა დანიშნული იყო, 19 წლის ბიჭზე შურისძიება გადაწყვიტა. სოფელში ყვებიან, რომ ბიჭი ხეზე ფეხებით დაკიდეს.
თავად დაზარალებული ძალადობის ფაქტს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ თავდამსხმელები მისი ღირსების შელახვას ცდილობდნენ.
“ტყუილია, მე არავის ვუცემივარ. მე ვინც საქმის გასარჩევად წამიყვანა, ის ბიჭებიდან ერთი, ჩვენს სამეზობლოში ერთ გოგოზე იყო დანიშნული და მერე დაშორდნენ. მე იმ გოგოსთან დაშორების შემდეგ ვმესიჯობდი, ამის გამო, მისი ყოფილი საქმრო მეგობრებთან ერთად მოვიდა და წამიყვანა საქმის გასარჩევად, მითხრა შარვალი ჩაიხადეო. ვუთხარი თუ გინდა აქვე მომკალი, მაგრამ ამას არ ვიზამ-მეთქი. ამის შემდეგ მამაჩემმა ამ ბიჭებს პოლიციაში უჩივლა. მათ სოფელში თქვეს, რომ მცემეს და შარვლის ჩახდით დამამცირეს, თუმცა ასე არ ყოფილა”, – აცხადებს დაზარალებული.
ინციდენტს ადასტურებენ დაზარალებულის ოჯახის წევრები. მათი ინფორმაციით ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა მოძალადეებმა თავად გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს, მოგვიანებით კი გოგონასთან დაარეკინეს და მასთან ურთიერთობის შეწყვეტა მოსთხოვეს.
შსს-მ დააკავა 2 სავარაუდო მოძალადე, თუმცა სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თავად დაზარალებული მხარეც დათანხმდა. დაზარალებულის დედა ყვება, რომ მათთან მოძალადეების მშობლები მივიდნენ და პატიება სთხოვეს.
სასამართლო 19 ივლისს ჩაინიშნა. პროცესზე გამოიკითხებიან საქმის გარჩევაში მონაწილე პირები.
ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.