ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელი მოაწერეს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციას.
„ჩვენ მტკიცე განწყობა გვაქვს, რომ ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს ნატოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასა და გაფართოებას.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ევროკავშირის პარტნიორობა „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი გახდებიან ნატოს სრულუფლებიანი წევრები“.