დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 8 ათასამდე საწოლის გამოყოფაა შესაძლებელი. ამის შესახებ გამყრელიძემ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ შეიქმნება საწოლფონდის პრობლემა ნოემბრის მეორე ნახევარში, როცა ინფიცირების შემთხვევების კუთხით პიკია დაანონსებული.
გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიურ ინფიცირებულთაგან 20-25% ჰოსპიტალიზირებულია და 249 თავისუფალი საწოლია.
„ცოტაა თუ ბევრი, არის 249 საწოლი. ყოველდღიურად ეს მაჩვენებელი იზრდება, იზრდება საავადმყოფოდან გამოწერის მაჩვენებელი. აქტიური ინფექციის დაახლოებით 20-დან 25% ადამიანები არიან საავადმყოფოებში, რეკომენდირებულია, რომ ჰოსპიტალიზაცია იყოს 12%-დან 15-20%-ის ფარგლებში, ამიტომ უნდა ვიანგარიშოთ, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვიდან ქვეყანაში უნდა გვქონდეს დაახლოებით 15-20%-ის თავისუფალი საწოლი, რომლებიც მიიღებენ ავადმყოფებს, სადაც საჭიროა ჰოსპიტალური მკურნალობა.
ზოგადად, ქვეყანაში 17 ათასი საწოლია. არის საწოლები, რომელსაც ვერ გამოიყენებ კოვიდისთვის – ფსიქიატრიული საწოლები, სამეანო და კიდევ რამდენიმე სპეციალიზირებული დასახელების საწოლი. ასეთი არის 12 ათასი ქვეყანაში და კოვიდის გარდა სხვა გამოწვევებიც არის. ამიტომ ასეთი გათვლაა სამინისტროს მიერ, რომ დაახლოებით 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეიძლება ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.










