ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 დღეს, სამ ივლისს დაიწყო.
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
“დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. მშვიდ პროცესში მიმდინარეობს ყველაფერი და დარწმუნებული ვართ, რომ ასეც დამთავრდება. 39 000 აბიტურიენტი გადანაწილებულია ამ 24 ცენტრში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა ტრადიციულად, რომ მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს, რათა ბოლომდე შეძლონ თავიანთი ცოდნის დადასტურება. ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება, ნებისმიერი გამოცდის დაწყებამდე, რაც დრო უწერიათ საგამოცდო ბარათზე – პირველი სესია 08:00 საათი და მეორე სესია 14:00 საათი, დაგვიანების გარეშე გამოცხადდნენ. მინდა, ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა.