რადიო „თბილისის“ დირექტორის, რამაზ სამხარაძის ინფორმაციით, მედიაჰოლდინგ “ჰერეთის” ანგარიშები და ქონება დააყადაღეს.
როგორც მან სატელევიზიო ეთერებში განაცხადა, ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გასცა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემების გამო დაგროვებული დავალიანება დაასახელა.
ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში რამაზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მომხდარს მისსავე ფეისბუქ სტატუსს უკავშირებს, რომელშიც მან წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრ სოზარ სუბარს მიმათა, თავადაც მოეწვიათ კომისიაზე.
“მთელი კონტექსტის ჯაჭვია, რომელიც დიდი ხანია მოდის. მე დავწერე პოსტი – წულუკიანის კომისიის ერთ-ერთ წევრს, ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს მოვუწოდე, რომ მეც დავებარებინე გამოძიებაზე, რადგან როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მედიის დაფინანსებაზე, ისე იმაზე ვისაუბრებდი, დღეს რა ხდება – როგორი არათანაბარი პირობებია. ამ არათანაბარი პირობების ბრალია, რომ ჩვენს კომპანიასაც დავალიანება აქვს.
ამ პოსტის შემდეგ მოხდა ყველაფერი”, – თქვა სამხარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი კრიტიკული მედიის დახურვისკენაა მიმართული.
“2020 წლიდან დაიწყო შეტევა რადიოს ფეისბუქ გვერდზე. ფიზიკური განადგურებით დაგვემუქრნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ვიყავი პოლიციაში, შსს-ში, საგამოძიებო დეპარტამენტში, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს აღიარებული დავალიანება, ეს არ არის მილიონობით დავალიანება რაც მედიებს, მათ შორის პრო-სახელისუფლებო მედიასაც აქვს. ჩვენ არ ვმუშაობთ ნაღდ ფულზე, ეს ანგარიშებია, რომლებიც გამჭვირვალეა.
დღეს დილით საქართველოს ბანკიდან მოვიდა შეტყობინება, რომ სადაც მათ განაცხადეს, რომ შემოსავლების სამსახურის საფუძველზე ჩვენი ანგარიშები დააყადაღეს. ჩვენ მიმდინარე პროცესი გვაქვს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რადგან ჩვენი ლიცენზია 10 წლით უნდა განახლდეს. ოც ივნისს გადავიხადეთ ამისთვის საჭირო გადასახადი, რადგან ვადები 26 ივნისამდე გვქონდა და ზუსტად ხუთ დღეში დაგვადეს ყადაღა. ეს თავისთავად შეაფერხებს პროცესს, რომლითაც ჩვენ შემდგომი 10 წლის სამაუწყებლო ლიცენზია უნდა ავიღოთ.
ყველაფერი კრიტიკული მედიის დახურვისკენ მიდის. საქართველოში მედია მიმართულებით ძალიან დაიძაბა ვითარება. დაპატიმრებულია მზია ამაღლობელი, დაიხურა “მთავარი არხი”, ჟურნალისტებზე ყველა მხრიდან ზეწოლაა და მათი მიზანია ჩვენც, დამოუკიდებელი მედია, ბაზრიდან გავიდეს”, – თქვა რამაზ სამხარაძემ.