რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ არსებულ და ახალ საფრთხეს უპასუხოს.
„ხაზს ვუსვამ და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ამაში, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ და ახალ წარმოქმნილ საფრთხეს“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის დროს.
ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გეგმები გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით მუშავდება.
„ჩვენი გეგმები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ მუშავდება ცვალებადი გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით და სრულად და დროულად ხორციელდება“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი სიტუაციური ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით (START) გათვალისწინებული ყოველწლიური ნებაყოფლობით თვითშეზღუდვებს. პუტინის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, START-ის მოქმედების ვადის გასვლიდან, 2026 წლის 5 თებერვლიდან, ერთი წლის განმავლობაში, დაიცვას START-ით გათვალისწინებული შეზღუდვები.
„გარდა ამისა, სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამ ნებაყოფლობითი თვითშეზღუდვების შენარჩუნების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით (START) გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვის ნაბიჯები ეფექტური იქნება, თუ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს.
„ეს ზომა (START-ით გათვალისწინებული შეზღუდვების დაცვა) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სიცოცხლისუნარიანი, თუ შეერთებული შტატები ანალოგიურად იმოქმედებს და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც ძირს უთხრის ან არღვევს შეკავების პოტენციალის არსებულ ბალანსს“, – განაცხადა პუტინმა.