მორიგი აგრესია ჟურნალისტებზე. ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების, წამყვანმა სპეციალისტმა და პროექტ ”მხოლოდ ქართული”-ს ნახევარფინალისტმა, ოთო კვალიაშვილმა ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდა. შემთხვევა დღეს, მერიასთან ჟურნალისტების მიერ გამართულ მდუმარე აქციაზე მოხდა, სადაც მედიის წარმომადგენლები ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებდნენ. ოთო კვალიაშვილი, კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად ჟურნალისტებს ვიდეოს უღებდა
”ყველა ქმედებით ცდილობდა, რომ მედიის წარმომადგენლები პროვოკაციაზე წამოეგო”- აცხადებს ჟურნალისტი ქეთი დეისაძე .
ასევე ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, ხათუნა მაისურაძის თქმით ოთო კვალიაშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენ, ”მანქანაში ვჯდებოდი და შემაგინა”- განაცხადა ხათუნა მაისურაძემ.
აღნიშნულ ფაქტზე მერიაში მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მეგა ტვ-ს განუცხადა, ოთო კვალიაშვილი ნამდვილად მათი თანამშრომელია და დღეს განცხადების საფუძველზე სამსახურიდან იყო გათავისუფლებული.
მოუწევს თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ოთო კვალიაშვილს მედიის წარმომადგენლებისთვის ბოდიშის მოხდა და დაკავებული თანამდებობის დატოვება, მეგა ტვ პროცესს თვალყურს მიადევნებს.