არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას – სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი“?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ღალატია, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები რეზოლუციაზე ხელმოწერას ყოველდღე „აფრიალებენ“.
„არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას. ვთქვათ, ვიღაცამ მოაწერა ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც ყველა პუნქტი იდეალური არ იყო, მაგრამ როცა ამას მტერიც კი არ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტად და შენ ყოველდღე აფრიალებ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ღალატია.
პუტინიც კი აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა, პირიქით, ამაყობს ამით და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ და საკუთარ ქვეყანას დააკისროთ აგრესორის როლი?! სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი?!“ – წერს პაატა მანჯგალაძე.