საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის მოტყუებით მიღების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დაბა ბაკურიანისთვის განკუთვნილი სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მშენებლობის პროცესში მისმა კომპანიამ კონკრეტული სამუშაოები შეასრულა. რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იყო სხვა კომპანიის მიერ სხვა ტენდერის პირობებში.
ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის ზიანი მიადგა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულს მოსამართლის განჩინება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მისი კუთვნილი კომპანიებიდან დოკუმენტაცია უნდა ამოღებულიყო, თუმცა ბრალდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა და საგამოძიებო ორგანოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ გადასცა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.