შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე გოგლიძის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.
ივანე გოგლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებას ედავებიან, რამაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
დაკავებულ ბიზნესმენს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადვოკატი 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც კახა წერეთელი აცხადებს, საქმის მასალების მიხედვით, დაზიანებულ თევზის კონსერვებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით საგამოძიებო სამსახურს საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა მიმართა.
„საქმის მასალები მოცულობითია, ვსწავლობ. შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, ამის მთავარი დამადასტურებელი და ინდიკატორი არის ის, რომ მოწამვლის და ამ პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს. გვჯერა, დავადასტურებთ იმ გარემოებას, რომ ამ პროდუქტების წარმოება მასიურად არ ხდებოდა. იყო ცალკეული დაზიანებული პროდუქცია, რომელიც ხელშეკრულების თანახმად იცვლებოდა, პროდუქცია ყოველთვის წინასწარ გადიოდა შემოწმებას, ვიდრე ის მიმღებს გადაეცემოდა. ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ არგუმენტს, თითქოს, ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია და ექსპერტიზა ექსპერტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა, ბოლო-ბოლო ფეთქებად ნივთიერებებზე ტარდება მსგავსი ექსპერტიზები“, – განაცხადა წერეთელმა.
რაც შეეხება გამოძიების მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალას, სადაც საწარმოში არსებული სანიტარული ნორმები ჩანს, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდა.
„ვნახეთ ვიდეო, სადაც არც თუ ისე სახარბიელო ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობაა, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო სანიტარული მდგომარეობა ნამდვილად არ ნიშნავს იმ დანაშაულს, რაშიც მას წარედგინა ბრალი და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 5-დან 7- წლამდე ვადით. ეს რეაგირებული იყო, სურსათის უვნებლობის მიერ შემოწმებული, შესაბამისი ღონისძიებები ჩატარებული, შემდეგ სურსათის უვნებლობამ მისცა ფუნქციონირების შესაძლებლობა ობიექტს“, – განაცხადა წერეთელმა.
კითხვაზე, თუ რამდენი ხანი ამარაგებდა ბიზნესმენი შესაბამის ობიექტებს საკვებით და როდიდან დაფიქსირდა კონსერვების დაზიანება, ადვოკატი ასე პასუხობს:
„არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, ალბათ, 2-3 წლის განმავლობაში ამარაგებდა. ცალკეული ერთეულებია ამოღებული და მათზეა ექსპერტიზა ჩატარებული, ნაწილზე თითქოს ვერ ჩატარდა იმ მოტივით, რომ კონსერვების გახსნის შემთხვევაში, შეიძლებოდა დაზიანებულიყო როგორც ექსპერტი, ასევე გარემო“, – განაცხადა წერეთელმა.
კითხვაზე, თუ როგორ მოხდა გამოძიების დაწყება, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე მოხდა.
„როგორც ჩემთვის საქმის მასალებიდანაა ცნობილი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დაზიანებულ ქილებთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. ქილები დაიბერა, დროთა განმავლობაში ან შენახვის პირობების გამო, ან წარმოების წუნის გამო, ქილები დეფორმაციას განიცდის, ასეთ დროს მათი გამოცვლა ხდებოდა, ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები იყო“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5 – დან 7- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










