“ოპოზიცია აგრძელებს დემაგოგიას, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა, თავიდან ბოლომდე დალაგებული გვაქვს ეს სისტემა”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პირველი მილიონი ვაქცინა ქვეყანაში 2-3 დღეში შემოვა.
“გამოწვევები, ბუნებრივია ძალიან ბევრია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვა იყო დასმული. იმის მიუხედავად, რომ მე ვისაუბრე და 2-3 დღეში უკვე შემოვა პირველი მილიონი ვაქცინა, შემდეგ ვაჩვენეთ შემდეგი ეტაპები – Pfizer-ის კიდევ ერთი მლნ, შემდეგ კიდევ ერთი მლნ სხვა, ჩინური ვაქცინების, უწყვეტად მაინც აგრძელებენ დემაგოგიას და სიცრუეს, რომ მთავრობას თურმე არ აქვს ვაქცინაციის გეგმა და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს თავიდან ბოლომდე დალაგებული ეს სისტემა, მათ შორის ექიმებისგან შემდგარი ბრიგადები, რომლებმაც დღეში ოციდან ოცდაათი ათასამდე აცრა უნდა ჩაატარონ. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ,”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.










