შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს განზრახ შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილით შემთხვევის ადგილი დატოვა.
შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მიმდებარედ, მიმალვის მცდელობისას ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









