,,მე მინდა გიამბოთ იმ ადამიანის შესახებ, ვინც პირველი და ყველაზე ნამდვილი მასწავლებელი იყო ჩემი ცხოვრების.
ჩემს საყვარელ საგანს მასწავლიდა წლების განმავლობაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას.❤️ ის არ იყო ჩვეულებრივი, რაღაც განსაკუთრებულს ვხედავდი ყოველთვის მის ცისფრად მოკიაფე, წყლიან თვალებში. ვერ ვითმენდი ხოლმე სანამ კლასში შემოვიდოდა და კარებთან ვხვდებოდი, ვიცოდი რაღაც განსაკუთრებული მოჰქონდა ჩვენთვის. ერთ ასეთ გამორჩეულ დღეს მისი ჩვეული, ნათელი და სიყვარულით სავსე გამომეტყველებით შემოგვანათა. გადაეწყვიტა მისთვის საყვარელი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის “ტრაგედია უგმიროდ” წაეკითხა. იცოდა პროგრამულად ლამის 4-5 წლით ადრე იყო, თუმცა სულ ამბობდა, თქვენ იმაზე მეტი გესმით, ვიდრე თქვენს ასაკს შეშვენისო. შეიძლება ასე იყო, ან არც და სწორედ მისი ამ მონდომებით შევეჭიდეთ “სირთულეებს”. ყველა უსმენდა, ისინიც კი, ვინც არასდროს ინტერესდებოდა ლიტერატურით. მთელი გულით, გონებით იყო ამ დიდ ემოციათა ნიაღვარში და ჩვენც მასთან ერთად ვიძირებოდით. როცა კითხვა დაასრულა და “გონს მოვედით”, ყველას ცრემლით გვქონდა თვალები სავსე. რაღაც საოცრება ხდებოდა, ერთმანეთს არ ვაცდიდით ისე გვინდოდა ჩვენი ემოციების გაზიარება. ბევრი ასეთი დღე მახსოვს და თითოეული მასთან გატარებული გაკვეთილი ჩემი “ოქროს საათებია”.
უმეტესად, როდესაც მასწავლებელს ჰუმანური და თავისუფალი მიდგომები აქვს ბავშვებთან მიმართებაში, ამას მის ასაკს მიაწერენ ხოლმე. მაშინ ის ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებელი გამოდის, ვინც კი ოდესმე მყოლია.
მიუხედავად დიდი სიყვარულისა ლიტერატურისა თუ პოეზიის, ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი პრობლემა ლექსების დაზეპირება იყო. როცა ის პირველად გავიცანი გავანდე ჩემი ეს “სისუსტე”. ამის შემდეგ ყოველთვის ვიხსენებ მის ამ დამოკიდებულებას და ჩემი პატივიცსემა კიდევ უფრო იმატებს. როცა სხვა ადგებოდა და მისი შესაძლებლობებისამებრ ლექსს წერტილ-მძიმით მოყვებოდა, ჩემთან მოვიდოდა და მეტყოდა, მინდა მის არსზე, მწერლისა თუ შენი, როგორც მკითხველის ემოციებზე მესაუბროო. მეც დიდი სიამოვნებით ვიწყებდი და ასე გავუდგებოდით მსჯელობის გრძელ და საინტერესო გზას, რომლისთვისაც გაკვეთილის 45 წუთი საკმარისი არ იყო და მერე ხშირად ვიდექით სკოლის ფანჯრებთან სანამ ზარი არ დაირეკებოდა და ორივეს ისევ არ დაგვეწყებოდა გაკვეთილი.
ერთ დღეს დასრულდა ცხოვრების ეს ძვირფასი დრო და ჩვენგან შორს, სხვა ქალაქში წავიდა. მახარებდა იმაზე ფიქრი რომ იყო, არსებობდა და როცა დამჭირდებოდა მისი დახმარების იმედი უნდა მქონოდა. ასეც იყო, მის მიერ გაზიარებული ცოდნა აბტიურიენტს დამეხმარა და დღემდე, ცხოვრებაშიც უდიდესი გაკვეთილია. რამდენჯერაც მობილურზე ვისაუბრეთ, ყოველჯერზე ვცდილობდი მადლობა გადამეხადა ამისთვის, თუმცა ახლა დიდი ტკივილი მაქვს იმის, რომ საკმარისი არ იყო ეს.
წინა ღამით, სანამ მისი გარდაცვალების შესახებ გავიგებდი მასზე ვფიქრობდი, ჩემთვის ვამბობდი დიდიხანია არ დამირეკავს და ახლა მოსაყოლიც ბევრი დამიგროვდა- მეთქი. სწორედ აქ, მეორე დღესვე, ისევ მისი დახმარებით ვისწავლე დიდი და მწარე გაკვეთილი ცხოვრების, რომ არასოდეს უნდა გადადო თუ რაიმე გულით გინდა. შეიძლება ისეთი დიდი ტრაგედია დაგატყდეს თავს, როგორიც მისი გარდაცვალება იყო.
ახლა მეც კოვიდ ინფიცირებული ვწევარ და ვწერ ადამიანის შესახებ, რომელზე ფიქრიც თან მაღიმებს და თანაც სახეს მისველებს. ახლა ერთადერთი რამ ვიცი დარწმუნებით და არგუმენტირებულადაც შევედავებოდი ლორთქიფანიძის მისივე წაკითხულ სიტყვებში, რომ დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან. მათგან შორს, ვინმე მეს მიმართლებს და ვპოულობ ადამიანს, რომელიც ჩემს გულში სამუდამოდ იდგამს ძეგლს.
ის იყო ცისანა ბულეიშვილი, პირველი და ყველაზე ნამდვილი მასწავლებელი, რომელიც ჩემთან ერთად მინდა გახსოვდეთ.❤️ “-წერს მადლიერი მოსწავლე და სტუდენტი თინათინ ჭავჭანიძე.









