ბიძინა ივანიშვილი – პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის აშშ-ს ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია – ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ
პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სადაც განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.
ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მას პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არც 2012 წელს და არც 2022 წელს დაუყენებია, როდესაც მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა.
„ვადასტურებ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირებთან ნამდვილად შედგა საელჩოს კომუნიკაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეატყობინა, რომ მას სურდა ჩემთან შეხვედრა და „მდივან რუბიოს გზავნილის გადაცემა“, რასთან დაკავშირებითაც მე ღრმა პატივისცემა გამოვხატე, თუმცა, შეხვედრაზე უარი განვაცხადე.
ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განვმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში, შარშან ბატონ ო’ბრაიენსაც ვუთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემ მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე.
წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემ მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი“ ჩემ მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)
ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია. ასეთ დროს, აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ეს კომპლექსი მაშინაც კი დამრჩება, როდესაც მექნება, თუნდაც, განცდა, რომ შეთანხმება ორივე მხარისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. ამასთან, ეს კომპლექსი აუცილებლად დამრჩება არა მხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ გუნდთანაც და საზოგადოებასთანაც.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა არ დამიყენებია არც 2012 წელს და არც 10 წლის შემდეგ – 2022 წელს, როდესაც, სწორედ სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, ჩემი პირადი ინტერესები უდიდესი რისკის ქვეშ დავაყენე.
გავიხსენებ იმასაც, რომ როდესაც გასული წლის შემოდგომაზე, არაფორმალური სანქციების მოქმედება მცირე დროით შეჩერდა და გარკვეული თანხები გათავისუფლდა, მე თავადვე შევთავაზე ამერიკის ელჩს შეხვედრა, რაზეც ის თავდაპირველად დამთანხმდა, თუმცა, შეხვედრა ჯერ რამდენჯერმე გადადო, ხოლო შემდეგ მასზე საერთოდ უარი განაცხადა.
იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. მკაფიოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა, ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.