ქუთაისში “სამოქალაქო თეატრი” დაარსდა. პირველი პერფორმანსი დასმა ისრაელის თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.
ახალგაზრდა საბა კლდიაშვილის ისტორიაც, რომელიც სამოქალაქო თეატრმა მაყურებელს წინაშე გაითამაშა, ებრაელების დევნას უკავშირდება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქუთაისში “თეატრის მოყვარეთა დასის” დამაარსებლის, ეფრო კლდიაშვილის უმცროსი შვილი, ახალგაზრდა მეცნიერი საბა კლდიაშვილი ოდესაში პოგრომის დროს ებრაელ ხალხს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა.
სპექტაკლს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
“როგორც ამ ქალაქს ეკადრებოდა ისეთი პასუხი იყო… ძალიან საინტერესო პასაჟები – ეფრო კლდიაშვილის საოცარი დედის, მოქალაქის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის მებრძოლი ქალის სახე, უნდობლობა ახალგაზრდებისადმი – გრანდიოზულის, გრაციოზულის – შეძლებს? საშველი განათლებაშია, ხოლო განათლებისთვის ისევ ევროპაში მივდივართ. Და ბოლოს, საბა კლდიაშვილი – ებრაელების გენოციდს შეწირული. და რა თქმა უნდა, საზოგადოების, ახალგაზრდების პროტესტი თეატრში, ქუჩებში საბჭოთა რეჟიმზე, სისტემის და მართვის არასწორ პოზიციაზე. ” – წერს სოციალურ ქსელში მარიკა ვაჭარაძე.
“ასე სხარტად, სიღრმისეულად, სულ რამდენიმე წუთში ჩაატიეს ქუთაისის, უფრო მეტიც, საქართველოს ისტორია, ქართველი ერის უბედურება და გამარჯვებები, მისი ტკივილი და სიხარული, ღალატი და ერთგულება, თავგანწირვა და პატრიოტობა, პლუს, ებრაელი ხალხის ისტორიის გადაჯაჭვულობა ჩვენს ისტორიასთან, მათი განუზომელი ერთგულება საქართველოს მიმართ, აჩვენეს ის, რაც, სინამდვილეში, ჩვენს ბრძოლისუნარიანობას განაპირობებდა და ეს იყო საოცრად ემოციური წარმოდგენა. რამდენჯერმე ძლივს შევიკავე ცრემლი კი არა, ქვითინი, თორემ ცრემლს კი მივეცი გზა, სხვა შანსი არ დამიტოვეს. ” – წერს ნაზიბროლა რეხვიაშვილი.
,, სამოქალაქო თეატრი” უკვე განაცხადია იმ ქალაქიდან ,რომელიც ისტორიულად შემოქმედებითობის ახალ სუნთქვას ყოველთვის ხსნიდა და ამის თანამედროვე გაგრძელებად ვთვლი ამ უჩვეულო თეატრალურ სივრცესაც .ეს ბირთვი ნიჭიერმა ჩემმა თანაქალაქელებმა და კოლეგებმა შეკრეს.ქუთაისური ისტორიების დრამატული ეპიზოდები ისე მოიტანეს მაყურებელთან რომ ,,დრო ” წუთების თვლის გარეშე გავიდა და ამ დინამიკამ მეტი თქვა სპექტაკლის , შემოქმედებითი ჯგუფის და საბა კლდიაშვილის შესახებ ,რომლის გმირული ისტორია სიმბოლურად უკავშირდება ებრაელთა დღევანდელ განსაცდელსაც და ქუთაისის მიერ მათდამი მიწვდენილ სიტყვას.” – წერს ლაშა გაგოშიძე.
სამოქალაქო თეატრი ქუთაისში ჟურნალისტების, ახალგაზრდა მსახიობებისა და მუსიკოსების კოლაბორაციით შეიქმნა.
“ქუთაისური ისტორიების” დადგმის ორგანიზატორი და ქუთაისში “სამოქალაქო თეატრის” შექმნის ავტორი ზეკო ხაჩიძეა.










