„პეგასუსის“ თვითმფრინავში, რომელიც სტამბოლში დაფრენისას მოცურდა და ხევში გადავარდა, საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ შესულა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გენერალური საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა.
„ამჟამად დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ამ ეტაპისთვის ბორტზე საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. გენერალური საკონსულო ყველა შესაბამის უწყებასთან კავშირზეა”,-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია „პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.
თვითმფრინავში 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.